LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Radiohead

Radiohead ინგლისური როკ-ჯგუფია, რომელიც 1985 წელს ჩამოყალიბდა. მასში შედიან: ტომ იორკი (ვოკალი, გიტარები, კლავიშებიანი საკრავები), ჯონი გრინვუდი (გიტარები, კლავიშებიანი საკრავები, სხვა ინსტრუმენტები), ედ ო’ბრაიენი (გიტარები, დამატებითი ვოკალები), კოლინ გრინვუდი (ბას-გიტარა) და ფილ სელუეი(დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). სადებიუტო სინგლი „Creep“ ჯგუფმა 1991 წელს გამოუშვა. იგი თავდაპირველად წარუმატებელი იყო, მაგრამ პირველი სტუდიური ალბომის Pablo Honey (1993) გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიო ჰიტად იქცა. Radiohead-ის პოპულარობა ბრიტანეთში გაიზარდა მეორე ალბომის, The Bends (1995) გამოცემით. მესამე ალბომმა OK Computer (1997) მათ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ალბომებით Kid A (2000) და Amnesiac (2001), რომლებიც ერთად ჩაიწერა, აღინიშნა ჯგუფის მუსიკაში შემდეგი ნაბიჯი. Radiohead-ის ჟღერადობაში გამოჩნდა ელექტრონული მუსიკა, კრაუტროკი და ჯაზური ელემენტები. Kid A, რომელმაც გამოცემისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ამჟამად ითვლება 2000-იანი წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალბომად. Hail to the Thief (2003) ფორტეპიანოსა და გიტარებზე აგებული როკის, ელექტრონიკისა და ომის თემების გავლენით დაწერილი ტექსტების ნარევია. Radiohead-ს დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო ჯგუფის შემოქმედება მოხვდა მსმენელთა და კრიტიკოსთა 1990-იანების და 2000-იანების საყვარელ ჩანაწერთა სიებში. 2005 წელს ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში Radiohead 73-ე ადგილზე დაასახელა. ო’ბრაიენი და ჯონი გრინვუდი გამოჩნდნენ Rolling Stone-ის უდიდეს გიტარისტთა , ხოლო ტომ იორკი – უდიდეს ვოკალისტთა სიაში.[8] 2009 წელს Rolling Stone-ის მკითხველთა გამოკითხვის მიხედვით Radiohead 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიაში მეორე პოზიციას იკავებდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი