„კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა პრობლემა.
„რაც შეეხება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას, მე, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებას. ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა.
ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან.
შესაბამისი ორგანოები ნახავენ, რამდენად არასწორად იყო გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ იყო პასუხისმგებელი და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
