უიტნი ჰიუსტონი ( 9 აგვისტო, 1963 – 11 თებერვალი, 2012) —ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი იყო.
2009 წელს „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიერ დასახელდა, როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოთი აღნიშნული მომღერალი. იგი აგრეთვე ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია, 200 მილიონი გაყიდული დისკით.
გამოცემული აქვს შვიდი სტუდიური და ორი საუნდტრეკული ალბომი, რომლებიც აღინიშნა ალმასის, მრავალი გზის პლატინის, პლატინის ან ოქროს სერტიფიცირებით. ჰიუსტონის მოხვედრამ მუსიკალურ ჩარტებში და აქტიური გამოჩენა MTV-ის ეთერში, დაწყებული სიმღერით „How Will I Know“, შთააგონა სხვა აფრო-ამერიკელი შემსრულებელი ქალებიც.
უიტნი ერთადერთი შემსრულებელია, რომლის ზედიზედ შვიდი სინგლი „ბილბორდში“ #1 პოზიციაზე მოხვდა. ელტონ ჯონის შემდეგ იგი მეორე შემსრულებელი და ერთადერთი შემსრულებელი ქალია, რომელსაც მიღებული აქვს „ბილბორდ 200“-ის ორი #1 ჯილდო ალბომებისთვის.
ჰიუსტონის სამსახიობო დებიუტი შედგა რეიჩელ მერონის როლში, რომანტიკულ თრილერში „პირადი მცველი“ (1992). მან აგრეთვე ჩაწერა სიმღერა ფილმის საუნდტრეკისთვის, დოლი პარტონის „I Will Always Love You“, რომელმაც მიიღო ოსკარი და იქცა ქალი შემსრულებლის მიერ გამოშვებულ ყველაზე გაყიდვად სინგლად.
2012 წლის 11 თებერვალს, ჰიუსტონი იპოვეს გარდაცვლილი ბევერლი-ჰილტონის ნომერში (ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია). ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი ტრაგიკულად დაიხრჩო აბაზანაში, ხოლო ხელშემწყობ მიზეზებად დასახელდა გულის შეტევა და კოკაინის გამოყენება.მისი გარდაცვალების ამბავი დაემთხვა გრემის 2012 წლის დაჯილდოებას.
