რეი ჩარლზი (1930 წლის 23 სექტემბერი – 2004 წლის 10 ივნისი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი იყო. მეგობრები მას „ძმა რეის“ ეძახდნენ. მუსიკოსს ხშირად, ასევე, „გენიოსს“ უწოდებდნენ. ჩარლზი 7 წლის ასაკიდან უსინათლო იყო. ის პირველი იყო (1950-იან წლებში), ვინც სოულს ბლუზთან, რიტმ-ენდ-ბლუზსა და გოსპელთან კომბინაციაში მღეროდა. მისი სიმღერები Atlantic Records-ში იწერებოდა.
1960-იან წლებში კი მისი რეპერტუარი ქანთრის, რიტმ-ენდ-ბლუზისა და პოპმუსიკის ნაზავი იყო.
რეი ჩარლზზე დიდი გავლენა მოახდინა ნეტ კინგ კოლმა, თუმცა მის შემოქმედებაზე არანაკლები გალენა იქონია ქანთრის, ჯაზის,ბლუზის და რიტმ-ენდ-ბლუზის მომღერლებმა. მათ შორის ლუის ჯორდანმა და ჩარლზ ბრაუნმა. ჩარლზი დაუმეგობრდა ქუინსი ჯოუნზს. მათი მეგობრობა რეის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ფრენკ სინატრა ჩარლზს „შოუბიზნესში ერთადერთ ნამდვილ გენიოსს“ უწოდებდა.
2002 წელს ჟურნალმა Rolling Stone რეი ჩარლზი ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტის სიაში მეათე ადგილზე დაასახელა. ბილი ჯოელი ამბობდა, რომ „ეს, შესაძლოა, მკრეხელობად მოგეჩვენოთ, თუმცა რეი ჩარლზი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვიდრე ელვის პრესლი“.
