პრინს როჯერ ნელსონი ( 7 ივნისი, 1958 – 21 აპრილი, 2016) ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, ქველმოქმედი, მოცეკვავე და მუსიკალური პროდიუსერი იყო. მისი მუსიკა მოიცავს ფანკის, როკის, რიტმ-ენდ-ბლუზის, ახალი ტალღის, ფსიქოდელიის და პოპის ელემენტებს.
მსოფლიოში გაყიდულია პრინსის 100 მილიონზე მეტი დისკი, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებლის სახელს ანიჭებს.
მიღებული აქვს ექვსი „გრემი, “ ამერიკული მუსიკის ჯილდო, ოქროს გლობუსი, და ოსკარი ფილმისთვის „იისფერი წვიმა“. 2004 წელს იგი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში პრინსი 27-ე ადგილს იკავებს. პრინსმა 1978 წელს გამოსცა სადებიუტო For You. 1979 წლის ალბომმა Prince პლატინის სტატუსი მოიპოვა. წარმატება გაამყარეს შემდეგმა ალბომებმაც – Dirty Mind (1980), Controversy (1981) და 1999 (1982) — პრინსის, ძირითადად, სექსუალური თემატიკის გაჯერებული ტექსტებით და ფანკის, საცეკვაო და როკ-მუსიკის შეთავსებით. 1984 წლიდან საკუთარ ჯგუფს The Revolution-ს უწოდებდა და მასთან ერთად გამოსცა Purple Rain, საუნდტრეკი 1984 წლის ამავე სახელწოდების ფილმიდან. იგი იქცა კრიტიკოსების მიერ პრინსის ყველაზე აღიარებულ და კომერციულად ყველაზე წარმატებულ დისკად.
უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი Hit n Run Phase Two თავდაპირველად გამოვიდა Tidal-ზე, 2015 წლის 12 დეკემბერს. 2016 წლის 21 აპრილს, ფენტანილის გადამეტებული რაოდენობის მიღების შემდეგ, სტუდია Paisley Park-ში ყოფნისას, პრინსი გარდაიცვალა 57 წლის ასაკში.
