ნირვანა – ამერიკული როკ-ჯგუფი იყო, რომელიც კურტ კობეინმა და კრისტ ნოვოსელიჩმა დააარსეს.
ჯგუფში რამდენიმე დრამერი შეიცვალა და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასში დეივ გროლი უკრავდა, რომელიც ბენდს 1990 წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ნირვანამ შვიდწლიანი არსებობისას მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, იგი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გავლენიან და მნიშვნელოვან როკ-ჯგუფად. 1989 წელს ბენდმა გამოსცა სადებიუტო ალბომი Bleach. DGC Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დიდი წარმატება მოუტანა ჰიტმა „Smells Like Teen Spirit“, სინგლმა 1991 წლის Nevermind-იდან. ჯგუფის ლიდერ კობეინს მედიაში „თაობის წარმომადგენელს“ უწოდებდნენ. ნირვანას, ამასთან, ”თაობა იქსის” სიმბოლოდ თვლიდნენ. ნირვანას არსებობა შეწყდა კურტ კობეინის გარდაცვალებასთან ერთად, 1994 წელს, მაგრამ მას შემდეგ გამოვიდა რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც შეადგინეს ნოვოსელიჩმა, გროლმა და კორტნი ლავმა, კობეინის ცოლმა. ნირვანამ მხოლოდ აშშ-ში 25 მილიონზე მეტი, ხოლო მსოფლიოში – 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.
