13-14 ივლისს, აზერბაიჯანის ქალაქი შუშა მეოთხე გლობალურ მედიაფორუმს მასპინძლობს.
აზერბაიჯანის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მედიაფორუმი აერთიანებს ჟურნალისტებს, საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს, მედიამენეჯერებს, სახელმწიფო მოხელეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ტექნოლოგიური პლატფორმებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
მედიაფორუმს, რომლის წლევანდელი თემაა „მედიის როლი მშვიდობის ხელშეწყობაში: სიმართლის აღდგენა და ნდობის ხელახლა შენება“, 54 ქვეყნიდან 160 სტუმარი ესწრება.
როგორც ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანია მშვიდობის მშენებლობაში მედიის როლის, საზოგადოებრივი ნდობის, დეზინფორმაციასთან ბრძოლის, უსაფრთხო ციფრული გარემოს, ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და მედიადიალოგის განხილვა.
მედიაფორუმის გახსნას დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს მიმართა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შუშას მეოთხე გლობალურ მედიაფორუმს საქართველოდან ესწრება რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე.


თამარ ჩიგოგიძემ ილჰამ ალიევს მედიაფორუმზე მიმართა შეკითხვით, რომელიც ელექტრომობილების FM რადიოს სისტემებით აღჭურვას უკავშირდებოდა.
მიმართვის დროს, თამარ ჩიგოგიძემ 15 წლის წინ, აზერბაიჯანში სტუმრობაც გაიხსენა.
ბატონო პრეზიდენტო, მე ვარ თამარ ჩიგოგიძე, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, საქართველოდან. უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით გულთბილი მასპინძლობისთვის და შუშას გლობალურ მედია ფორუმზე მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დღეს რადიო – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური მედია – ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს გამოწვევები სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც რადიომაუწყებლებისთვის, ისე მსმენელებისთვის. მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ იზრდება ახლად იმპორტირებული ელექტრომობილების რაოდენობა, რომლებიც FM რადიოს გარეშე იყიდება, ან ისეთი სისტემებითაა აღჭურვილი, სადაც FM რადიოს მოძიება მნიშვნელოვნად არის გართულებული. ევროპის მრავალ ქვეყანაში მაუწყებლები და მარეგულირებლები უკვე მუშაობენ შესაბამის პოლიტიკურ და საკანონმდებლო ინიციატივებზე, რათა FM რადიო ახალ ავტომობილებში ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძებნი დარჩეს. დაუჭერდა თუ არა აზერბაიჯანის მთავრობა მხარს მთავრობებს, მარეგულირებლებს, მაუწყებლებსა და საავტომობილო ინდუსტრიას შორის თანამშრომლობას, რათა FM რადიო ყველა ახალ ავტომობილში დარჩეს ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძებნი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესისა და საგანგებო სიტუაციებში მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვანი საშუალება?
რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის შეკითხვის საპასუხოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ინიციატივა, რომ FM რადიო ყველა ახალ ავტომობილში დარჩეს ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძებნი, აზერბაიჯანი მხარს დაუჭერს.
„დიდი მადლობა. მე სრულად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას. სხვათა შორის, არ ვიცოდი, რომ ელექტრომობილებს FM რადიოს მხარდაჭერა არ ჰქონდათ. სიმართლე რომ გითხრათ, რადიოს ძირითადად მაშინ ვუსმენ, როცა მანქანაში ვარ. ხშირად მიწევს ქვეყნის გარშემო ავტომობილით გადაადგილება და ყოველი მგზავრობისას რადიო მაქვს ჩართული. უმეტესად მუსიკას ვუსმენ, რადგან ახალი ამბების (ნიუსების) მიღება სხვა წყაროებიდანაც საკმარისად შემიძლია. ამიტომ, მანქანა რადიოს გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია – ასეთი ავტომობილით არსად წავიდოდი. შესაბამისად, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ რაიმე ინიციატივა არსებობს ან ჩვენი მხარდაჭერაა საჭირო, აუცილებლად შეგვატყობინეთ.
სიამოვნებით შემოგიერთდებით და ამ საქმეს სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. ასევე, დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის შესახებ ნათქვამი კეთილი სიტყვებისთვის. მეზობლისთვის 15 წელი მართლაც ძალიან დიდი დროა და გულწრფელად ვიმედოვნებ, მომავალში უფრო ხშირად გვეწვევით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკვე სარკინიგზო მიმოსვლაც გვაქვს“, – მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, თამარ ჩიგოგიძეს.

