რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ დათო ევგენიძე სტუმრობდა, რომელმაც საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტებზე, თავის შემოქმედებაზე ისაუბრა და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.
დათო, საიუბილეო წელი გაქვს… ამ წელთან დაკავშირებით, უამრავი ღონისძიება უკვე ჩატარდა და წლის ბოლომდე კიდევ ჩატარდება. შევაჯამოთ, თუ როგორ მიმდინარეობს საიუბილეო წელი.
საიუბილეო წელი დაბადებიდან ასაკს კი არ ეხება, ეხება პირველ საავტორო კონცერტს, სადაც 24 ნაწარმოები გამოვიტანე. 12 წლის ვიყავი, როცა გუგული თორაძემ, დავით თორაძემ და მორის ფოცხიშვილმა ეს საღამო გამიკეთეს და წარმადგინეს. ეს იყო პირველი, სერიოზული საავტორო კონცერტი, საიდანაც 55 წელი გავიდა.
წელს, „რუსთაველის თეატრში“ მექნება კონცერტი, სადაც ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი, ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, „ოპერაში“ მექნება კონცერტი, უკვე პერფორმირებული, სიმფონიური ორკესტრით, გუნდით და ძალიან ბევრი სიურპრიზით.
როგორც ვიცი, ახლახან დაბრუნდით ახალციხიდან, სადაც, ასევე, ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ახალციხეობა იყო. ძალიან საინტერესო იყო. სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა ჩემი ნაწარმოებები, ასევე გია ყანჩელის, ზაზა მარჯანიშვილის. იყო ქართული ცეკვა. სინთეზი იყო ქართული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. ეს ყოველწლიური იქნება, ეს კონცერტი პირველი იყო.
ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გაქვს, რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩემი ბალეტი, „ალექსანდრე მაკედონელი“ იდგმევა ოთხ თეატრში, „გრანდ ოპერაში“, ფლორენციაში, ვერონაში და კაზანში.
როდის იქნება საპრემიერო ჩვენებები?
„ნურიევის ფესტივალის“ გახსნაზე, გაზაფხულზე იქნება პრემიერა.
ეს ბალეტი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, იდგმებოდა „მარინის თეატრში“, პეტერბურგში და 8 აგვისტო რომ მოხდა, გიერგიევი იყო მაშინ დირიჟორი, ჩავიდა ოსეთში და ჩვენთვის დაუკრა ფაშისტური მარში. წამოვიღე პარტიტურები და არ მივეცი.
დათო, რა არის ის განსაკუთრებული, რაც ამ საოცარ სიმღერებს, კომპოზიციებს გაწერინებს?
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 4 წლიდან ვწერ მუსიკას. ღამე ვდგებოდი და ვუკრავდი ხოლმე, თურმე, მამაჩემი იძახდა, ფსიქიატრთან წავიყვანოთ ეს ბავშვიო და ბებიაჩემს უთქვამს, არა მუსიკაზე შევიყვანოთო (იცინის). რომ არა ბებიაჩემი, ქეთევან მაღლაფერიძე, ალბათ, დათო ევგენიძე არ იქნებოდა, რადგან სწორად მატარა ჩემს სახელოვნებო გზაზე.
პირველი ჩემი ნოტები დაიბეჭდა გაზეთ „თბილისში“, 7 წლის ვიყავი მაშინ.
მიმიყვანეს სანდრო მირიანაშვილთან, რომელმაც მერე, მორის ფოცხიშვილი გამაცნო და ამ ასაკიდან მორის ფოცხიშვილი ჩემი სიმღერებისთვის მიწერდა ლექსებს. ეს როგორი ბედნიერება იყო, დღემდე ვერ ვხვდები, როგორი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა.

სულ ამბობენ, რომ სიყვარულის გარეშე ვერაფერს ვერ შექმნი და ამიტომ ვიკითხე, თუ ვის ეკუთვნის შენი შედევრები…
აბსოლუტურად ასეა… ანგელოზს…
პირველად, ხელები წერენ მუსიკას და მერე, ვუსმენ ხოლმე, რა დავწერე. ჩემი ხელები არის ანგელოზის გზავნილი, ის უკრავს ხოლმე და მერე, მე ვიბრალებ.
ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ დაგიწერია შედევრი, მაგრამ თავად არ მოგწონებია?
ყოფილა, რომ წერის პროცესში, მგონებია, რომ კარგია, დამისრულებია და არ მომწონებია.
ღვიძლი რომ გადავინერგე, ძალიან ბევრი დრო მქონდა, სულ სახლში ვიყავი და იმდენი მუსიკა ვიპოვე, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა და ის, რაც არ მომწონდა წერის დროს, ახლა, მომწონს. სკივრი მაქვს სავსე პარტიტურებით და ნოტებით.
ჩემთვის ერთადერთი სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ჩემს ჭეშმარიტ მუსიკას არ იცნობენ, მე კლასიკოსი ვარ, სიმღერა, ჯაზი, ფიუჟენი, ეს ყველაფერი ჩემთვის იყო გართობა.
25 წლის არ ვიყავი, როცა ჩემი უკვე 7 ბალეტი იყო დადგმული „მარინის თეატრში“, ახალ ოპერაში, ნიუ-იორკში და კლასიკა საქართველოში არ იცოდნენ.
„ოპერაში“ რომ მექნება კონცერტი, იქ იქნება ჩემი სიმფონიური, საგუნდო მუსიკა.
საზღვარგარეთ რომ უთხრათ, ევგენიძე ჯაზმენიაო, შეიძლება, სიცილი აუტყდეთ, იმიტომ, რომ საერთოდ, მხოლოდ კლასიკურ შემოქმედებას იცნობენ.
შემოვლილი გაქვთ მსოფლიო, ძალიან ბევრ დიდ სცენაზე გაჟღერებულა თქვენი ნამუშევრები და ნამდვილად საამაყო გვაქვს, რომ დათო ევგენიძე ქართველია და ქართულ კულტურას წარადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში…
საქართველო არ გავცვალე არაფერზე…
1989 წელი იყო, პირველად რომ ნიუ-იორკში ჩავედი. საბჭოთა კავშირის ბოლოს, კულტურული გაცვლები იყო და ჯგუფი ჩავედით. ჩემი კურსელის და ამერიკელ ადამიანზე იყო გათხოვილი და ეს კაცი დამხვდა აეროპორტში. ნიუ-იორკში არ შევდიოდით, პირდაპირ უნდა წავსულიყავით ნიუ-ჰეივენში, მერე, ბოსტონში და მერე, ტენესის შტატში. ჩემთვის ამერიკა ნიუ-იორკი იყო და გული მწყდებოდა, რომ ვერ ვნახავდი. ამ კაცმა, რომელიც დამხვდა, ჯგუფის ხელმძღვანელი ვინ არისო, იკითხა, ვუთხარი, ვინც იყო, მივიდა და რა უთხრა, არ ვიცი, მაგრამ მოვიდა ხელმძღვანელი და მითხრა, გიშვებ და ნიუ-ჰეივენში ეს ჩამოგიყვანსო.
მივედით, რაღაც ხუთსართულიანი სახლი ჰქონდა ამ კაცს, შიგნით სტუდიები…
წამიყვანა, გამაცნო ორნეტ ქოლმენი, მანოლო ბოდრენა და მთელი ვარსკვლავები.
რომ მომისმინა, „Skyline studios“-თან დამადებინა ათწლიანი ხელშეკრულება. ჯგუფი რომ წამოვიდა, მე დამტოვა და სტუდიაში ამ ვარსკვლავებთან ერთად ჩავწერეთ ნამუშევრები.
შემდეგ, ვუთხარი, ჩავალ თბილისში, ოჯახს დავემშვიდობები-მეთქი. ჩამოვედი და აღარ დავბრუნდი.
ნანობთ ამას?
არ ვნანობ, ჩემს სამშობლოში დაბრუნებას არ ვნანობ არასდროს.
მერე, იყო პერიოდი კანარის კუნძულებზე. არის ასეთი ფრანგი ქორეოგრაფი – ვერა ბოკადორო, რომელმაც ჩემი როდენის „მოაზროვნე“ დადგა, სადაც ცნობილი ვარსკვლავი ვეტროვი ცეკვადა.
პრემიერის მერე, ამ ქალთან სახლში იყო After party, სადაც ბევრი ფრანგი იყო და იქ დავუკარი ჯაზი. ერთმა კაცმა მითხრა, კანარებზე უნდა წაგიყვანოო. ვიფიქრე, მეხუმრება-მეთქი (იცინის).
გამოვფრინდი თბილისში და მირეკავენ თქვენი ფაქსი გამოგვიგზავნეთო. ფაქსი – სიტყვაც არ ვიცოდი (იცინის). არ გვაქვს-მეთქი, ვუთხარი. შემდეგ, ტელექსი მკითხა და გავუგზავნე. მოვიდა ხელშეკრულება, შენი მუსიკოსების რაოდენობა და თანხა, რამდენს ითხოვდი, უნდა ჩაგეწერა. ჩვენთან კუპონები იყო. ვფიქრობ, 15 დოლარი ჩავწერო თუ 10… მეთქი, 15 დოლარი ბევრია. არც ბენდი მყავს, არც არაფერი, რადგან მაგ პერიოდში ამ მუსიკას არ ვუკრავდი. გამახსენდა პავკა კვაჭაძე, ერთად ვსწავლობდით, ის ბასზე უკრავდა. ვუთხარი, ბენდი უნდა შევკრათ, კანარებზე მივდივართ-მეთქი. მოიყვანა დათო ჯაფარიძე, გია სალაღიშვილი, ეკა კახიანი და მაია ჯაბუა. ბენდის პროგრამა არ არსებობდა და მეთქი, ჯერ სიმღერებით დავიწყოთ.
გრაფაში არაფერი არ ჩავწერე, რომ ბევრი არ მოსჩვენებოდათ.
რომ ჩავედით, მანქანა ხომ დაგვხვდა… ალენ დელონის ვილაში მიგვიყვანეს. ამ კლუბის მეპატრონეები ფრანგები იყვნენ და ბელმონდოს და ალენ დელონს ჰქონდათ წილები.
იყო ფრანგული წვეულება, მონაკოს პრინცესა, კატრინ დენევი დადიოდნენ.
ბოლოს, ისეთი პოპულარული გავხდი კანარებზე, რომ 1994 წელს, უკვე მე ჩავატარე ფესტივალი, სადაც პაკო დე ლუსია უკრავდა და კატრინ დენევი, მონაკოს პრინცესა, ვანესა პარადი იყვნენ სპეციალური სტუმრები. ასეთი საგიჟეთი იყო…
წელს არაერთი კონცერტი გაქვს დაგეგმილი, სად გაიმართება ღონისძიებები?
აგვისტოს დასაწყისში ბათუმში მექნება ორი კონცერტი. მერე, ქუთაისში.
ძალიან მიყვარს საქართველოში ტურნე, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში.
წლევანდელი წელი მართლაც დახუნძლულია.