LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 ივლისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1672
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა მკაფიოდ იყოფა ორ ძირითად ნაწილად. პერიოდი 16 ივლისამდე (ხუთშაბათამდე) შედარებით რთული და საყურადღებოა. დაძაბულობა განსაკუთრებით უკავშირდება სამშაბათს, 14 ივლისს, როდესაც კოსმოსში ახალმთვარეობის საკმაოდ მძიმე ფონია. ამიტომ, კვირის პირველი ნახევარი ყველამ ფრთხილად უნდა განვლოს – არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ ჩაებათ კონფლიქტებში და არ დაიწყოთ ახალი თუ სარისკო საქმეები.

ხოლო 16 რიცხვიდან დედამიწა გაცილებით დადებით ენერგოველში გადადის და ეს პოზიტიური, ჰარმონიული პერიოდი ფაქტობრივად თვის ბოლომდე გასტანს, რაც თანაბრად აისახება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე.

ვერძი:

16 ივლისამდე თქვენთვის საკმაოდ დისჰარმონიული პერიოდია. ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ გაცივებასა და გადაღლას – აუცილებელია ორგანიზმის დასვენება და გამოძინება. პარალელურად, თავს იჩენს ფსიქოემოციური არასტაბილურობაც. მოსალოდნელია საოჯახო პრობლემები ან ახლობლების მხრიდან გამოწვეული სირთულეები. ეცადეთ, თავი აარიდოთ დაპირისპირებებს, რადგან ამ დღეებში ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან მიმართებაში ნდობის ფაქტორი საგრძნობლად დაბალია. შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული შემოქმედებითი კრიზისიც.

კვირის მეორე ნახევარი გაცილებით სასიკეთოა. 16 რიცხვიდან თქვენი ენერგოტონუსი მკვეთრად გაუმჯობესდება – იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და გახდებით ბევრად აქტიური. ამ პერიოდში იგრძნობთ მეგობრებისა და კოლეგების მტკიცე თანადგომას. მოულოდნელად იპოვით მიმდინარე პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებს. მოკლედ, კვირის მეორე ნახევარი წარმატების მიღწევისა და ახალი შესაძლებლობების კუთხით ბევრად ფართო ასპარეზს გიშლით.

კურო:

კვირის პირველი ნახევარი თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მყარი გაქვთ და ხართ აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, გარკვეული არასასიამოვნო მომენტები მაინც იჩენს თავს. ამის გამო, კვირის პირველი ნახევარი ნაკლებად წარმატებულია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ზოგიერთი კურო შესაძლოა ახლობლებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებშიც კი აღმოჩნდეს ჩართული. მატულობს ტყუილებისა და თქვენი მოტყუების მცდელობის ალბათობაც.

16 რიცხვიდან, კვირის მეორე ნახევარში, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და სტაბილური ხდება. მიმდინარე პრობლემები მარტივად გადაწყდება. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები თქვენს ოჯახში, რაც საუკეთესოდ იმოქმედებს თქვენს სულიერ განწყობაზე. ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობები სრულად მოწესრიგდება. ეს პერიოდი ხელს უწყობს მრავალფეროვან კონტაქტებს, საინტერესო ინფორმაციის მიღებას და პარტნიორული თანამშრომლობის აბსოლუტურად სწორად წარმართვას.

ტყუპები:

თქვენთვის კვირის პირველი ნახევარი ნაკლებად კომფორტულია. ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ჯანმრთელობა არასტაბილური, გუნება-განწყობილება კი არამყარი. ამ დღეებში მოგიწევთ ძველი ან დაუსრულებელი საქმეებისათვის ყურადღების მიქცევა და მათი შეძლებისდაგვარად გამოსწორება. ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ვალების დაბრუნება ან სხვადასხვა ვალდებულების შესრულება. აქედან გამომდინარე, ხასიათში მოიმატებს სულსწრაფობა, მოუთმენლობა და კატეგორიულობა, რაც გაართულებს საერთო ურთიერთობებს, ხოლო ყოველდღიური რუტინული საქმეები გაღიზიანებას გამოიწვევს. პირველ ნახევარში კატეგორიულად მოერიდეთ სერიოზულ საყიდლებსა და კაპიტალდაბანდებებს – ფინანსური ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანეთ.

16 რიცხვიდან სიტუაცია მკვეთრად უმჯობესდება. თქვენ ბევრად მარტივად შეძლებთ ახალი გეგმებისა და იდეების რეალიზებას. მიუხედავად ამისა, მზად იყავით იმისთვის, რომ კრიტიკოსები მთელი კვირის განმავლობაში შეეცდებიან თქვენი საქმიანი თუ შემოქმედებითი შესაძლებლობების დაკნინებას. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში წინაღობების გადალახვის შანსი გაცილებით დიდი გაქვთ.

კირჩხიბი:

ზოგადად, ეს თქვენი დროა – კირჩხიბი ახლა ყველაზე ენერგიული, აქტიური და წარმატებულია. თუმცა, ვინაიდან სამშაბათს, 14 ივლისს ახალმთვარეობაა, რომელსაც თქვენი ნიშანი ყველაზე მძიმედ განიცდის, მოსალოდნელია ფსიქოემოციური არასტაბილურობა, კონფლიქტურობა და გაღიზიანებადობა. ამიტომ, კვირის პირველი ნახევარი მაინც დიდი სიფრთხილით განვლეთ. არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი თუ სარისკო არ დაგეგმოთ; შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური, ჩვეული საქმეებით.

აი, 15-16 რიცხვიდან კი საუკეთესო პერიოდი გეწყებათ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, საგრძნობლად მოიმატებს შრომისუნარიანობა და გამახვილდება ინტუიცია. შეძლებთ ახალი, საინტერესო იდეების წარმატებულ რეალიზებას, პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას, ლიდერული თვისებების გამოვლენასა და საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებას. ამ დღეებში სარისკო მოქმედებებიც კი წარმატებით დაგვირგვინდება. პერიოდი მაქსიმალურად უწყობს ხელს თქვენს პროფესიულ განვითარებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამიტომ კვირის მეორე ნახევარი მაქსიმალურად აქტიურად გამოიყენეთ.

ლომი:

თქვენთვის დაბადების დღის წინა პერიოდია, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ენერგოტონუსი მკვეთრად დაქვეითებულია, ჯანმრთელობა – არამდგრადი. მატულობს ადვილად გაცივებისა და ტრავმულ-ავარიული ტენდენციების რისკი, ამიტომ საჭესთან და გადაადგილებისას იყავით უკიდურესად ყურადღებით. ეს ის დროა, როდესაც ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც გსურთ. ზურგს უკან გააქტიურდებიან მოშურნეები და ფარული მტრები, ამიტომ მკაცრად აკონტროლეთ სიტუაცია. ენას კბილი დააჭირეთ, დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით კონფიდენციალურობა და ნუ გაამჟღავნებთ სამომავლო გეგმებს. პირად და საქმიან სფეროში მაღალია დაპირისპირებების ალბათობა, ამიტომ თავი დაიზღვიეთ კონფლიქტებისგან.

16 რიცხვიდან კვირის მეორე ნახევარი გაცილებით იმედისმომცემია. აგიმაღლდებათ იმუნიტეტი და ენერგოტონუსი, გახდებით უფრო შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი და მომთმენი. გაუმჯობესდება განწყობაც, კომუნიკაციაც გამარტივდება და პარტნიორებთან ურთიერთგაგება მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში პირად სფეროში გაუგებრობები მაინც შესაძლებელია, თქვენი სასიკეთოდ შეცვლილი დამოკიდებულება ყველაფერს გამოასწორებს.

ქალწული:

კვირის პირველი ნახევარი გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მყარი გაქვთ და ნებისყოფა, შეუპოვრობა თუ შრომისუნარიანობა სათანადო დონეზეა, კვირის დასაწყისში მაინც მძაფრად შეგაწუხებთ შინაგანი მარტოობის გრძნობა. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლოა ძველმა კონფლიქტებმა და წინაღობებმა კვლავ იჩინონ თავი. ამის გამო, კვირის პირველი ნახევარი აბსოლუტურად არ ვარგა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობისთვის ან ახალი სამსახურის დასაწყებად. ყოველივე ეს უმჯობესია კვირის მეორე ნახევარში გადაიტანოთ.

16 ივლისიდან, ენერგიის მაღალ დონესთან ერთად, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობილება და იმატებს იღბლიანობა. მეგობრული კონტაქტები მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდება, გახდებით უფრო გახსნილი და თქვენი შინაგანი შარმიც საგრძნობლად მოიმატებს, რაც კრიტიკოსებისთვის სათანადო პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ. ეს საუკეთესო პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი პროექტების განსახორციელებლად, ახალი მეთოდოლოგიების დასანერგად და ინტერნეტის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მისაღებად. კვირის მეორე ნახევარი ერთ-ერთი საუკეთესო დროა რეფორმებისა და განახლებისთვის.

სასწორი:

კვირის პირველი ნახევარი, 16 ივლისამდე, თქვენთვის ნაკლებად წარმატებულია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ხოლო ზოგადი ფონი – დისჰარმონიული. ამ პერიოდში მოგიწევთ არაერთი პრობლემის გადაჭრა და საკუთარი შეცდომების გამოსწორებაც კი. მოსალოდნელია სირთულეები პარტნიორებთან, როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. ყოველივე ამის გამო, კვირის პირველი ნახევარი ფრთხილად უნდა განვლოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. გაცილებით მშვიდად, თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ თავს 16 ივლისიდან. ამ დროიდან ენერგოტონუსი და შრომისუნარიანობა მატებას დაიწყებს, ფსიქოემოციური განწყობილებაც საგრძნობლად გაუმჯობესდება. თქვენ მარტივად იპოვით საერთო ენას პარტნიორებთან და აღმოაჩენთ საერთო სულიერ ფასეულობებს. ეს პერიოდი მეტად სასიკეთოა კოლექტიური მუშაობისა და თანამშრომლობისთვის. გამორიცხული არ არის, მოწინააღმდეგეებთანაც კი გაარკვიოთ ურთიერთობა, რაც საგრძნობლად აამაღლებს თქვენს თვითრწმენასა და შესაძლებლობებს.

მორიელი:

16 რიცხვამდე პერიოდი თქვენთვის შედარებით რთულია, თუმცა ენერგოტონუსს ნამდვილად არ უჩივით – ხართ ჯანმრთელი, ენერგიული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, უშიშარი და მებრძოლი. ამ კუთხით პრობლემები არ გექნებათ, თუმცა კვირის პირველ ნახევარში მგზავრობა-მოგზაურობისას მოსალოდნელია წვრილმანი, მაგრამ უსიამოვნო წინაღობები, რამაც შესაძლოა გზა გაგიფუჭოთ. ამასთანავე, არსებობს რისკი, რომ თავად გახდეთ კონფლიქტების მაპროვოცირებელი ირგვლივმყოფებთან და აგრესიული ტონით დაძაბოთ სიტუაცია. თუ საბუთების გაფორმება ან იურისტებთან კონსულტაცია გესაჭიროებათ, ეს საქმეები აუცილებლად კვირის მეორე ნახევრისთვის გადადეთ, რადგან პირველ ნახევარში შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია.

16 რიცხვიდან ენერგიასთან ერთად მკვეთრად მოიმატებს თქვენი იღბლიანობა და ფსიქოემოციური სტაბილურობა. გაგიჩნდებათ ახალი ასპარეზი კარიერული განვითარებისა და საზოგადოებრივი პოზიციების გასამაგრებლად. შეძლებთ ზოგიერთი თქვენი ვალდებულება კოლეგებს გადააბაროთ, რაც მათ მხრიდან კრიტიკას ან გაუგებრობას არ გამოიწვევს. მგზავრობისა და უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის კვირის მეორე ნახევარი გაცილებით ნაყოფიერია.

მშვილდოსანი:

კვირის პირველი ნახევარი თქვენთვის საკმაოდ რთული და დისკომფორტულია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, პარალელურად კი თავს იჩენს ფსიქოემოციური არასტაბილურობა. საგრძნობლად მაღალია კონფლიქტების ალბათობა პარტნიორებთან. ზოგიერთი მშვილდოსანი შესაძლოა სასამართლო პროცესებშიც კი აღმოჩნდეს ჩართული, რაც დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსებს წაიღებს. სიტუაცია რადიკალურად იცვლება კვირის მეორე ნახევარში, 16 რიცხვიდან. თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება და ფსიქოემოციური სტაბილურობაც საგრძნობლად იწევს ზევით. თავს ბევრად თავისუფლად იგრძნობთ, გაგიჩნდებათ მგზავრობის, მოგზაურობისა და ახალი თავგადასავლების ძლიერი ლტოლვა. შესაძლოა, თუნდაც უცხოეთში ყოფნისას, შეიძინოთ ახალი მეგობრები და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ფინანსური მდგომარეობაც ნელ-ნელა დასტაბილურდება, ხოლო საქმიანი კონტაქტები ბევრად ნაყოფიერ ელფერს შეიძენს.

თხის რქა:

16 რიცხვამდე პერიოდი რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა მყარი გაქვთ, ხართ ენერგიული, შრომისუნარიანი და ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული. ამ დღეებში შესაძლოა თავი იჩინოს ფინანსურმა ურთიერთგაუგებრობებმა და პრეტენზიებმა. მატულობს თქვენი მოტყუების მცდელობის, ფინანსური დანაკარგებისა და ქურდობის ალბათობა, ამიტომ გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება. გამორიცხული არ არის სასამართლო პროცესებში ჩართვაც, სადაც დაგჭირდებათ კომპეტენტური ადამიანებისა და ახლობლების მხარდაჭერა.

კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. თქვენში საგრძნობლად მოიმატებს დიპლომატიის უნარი, აღარ იქნებით ისეთი ხისტი, როგორიც კვირის დასაწყისში და გახდებით უფრო ფრთხილი, რის გამოც იღბალი თქვენს მხარეს გადმოვა. პრობლემებს ბევრად მარტივად მოაგვარებთ. ზოგიერთმა თქვენგანმა მგზავრობისას შესაძლოა ახალი სიყვარულიც კი იპოვოს, რამაც შეიძლება გარკვეული სირთულეები შექმნას არსებულ ურთიერთობებში (ეს აუცილებელი პირობა არ არის, თუმცა ასეთი ტენდენცია არსებობს და გაითვალისწინეთ). მთლიანობაში, კვირის მეორე ნახევარი უდავოდ სასიკეთოა და მეტად უწყობს ხელს უძრავი ქონების შეძენას ან სახლში რემონტის დაწყებას.

მერწყული:

კვირის პირველი ნახევარი თქვენთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული. ჯანმრთელობა არამდგრადია, მატულობს ემოციური გაღიზიანებადობა, ამიტომ გმართებთ მეტი ყურადღება, რათა თავიდან აიცილოთ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გადაღლა. მოერიდეთ იმპულსურ და სულსწრაფ მოქმედებებს, რადგან არსებობს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. განსაკუთრებით გაუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც შესაძლოა ურთიერთგაგების დონემ იკლოს, ეს კი, თავის მხრივ, თქვენს მატერიალურ მდგომარეობას დამატებით სირთულეებს შეუქმნის. 16 რიცხვიდან, კვირის მეორე ნახევარში, სიტუაცია გაცილებით ნაყოფიერი ხდება. მოგემატებათ ენერგოტონუსი, დასტაბილურდება ჯანმრთელობა და გაგიძლიერდებათ თვითრწმენა. ბევრად მარტივად შეძლებთ მოლაპარაკებების წარმოებასა და რთული, საკამათო საკითხების მოწესრიგებას. ამასთანავე, საგრძნობლად გამახვილდება თქვენი ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ პრობლემებს გვერდი აუაროთ და აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთოთ.

თევზები:

კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ. 16 რიცხვამდე შესაძლოა ძველმა სასიყვარულო პარტნიორებმა შეგახსენონ თავი და თქვენს მიმდინარე ურთიერთობებში გარკვეული დისკომფორტი და უკმაყოფილების შეგრძნება შემოიტანონ. გამორიცხული არ არის, მოგიწიოთ შვილების პრობლემებში აქტიურად ჩარევა ან ძველ შემოქმედებით პროექტებთან მიბრუნება. პარტნიორებთან შესაძლოა იჩინოს თავი ფინანსურმა დაპირისპირებებმაც.

აი, კვირის მეორე ნახევარი კი გაცილებით პოზიტიურია. ენერგოტონუსი კვლავ მყარი და მაღალი გაქვთ. კიდევ უფრო ძლიერდება თქვენი ინტუიცია და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი. მოსალოდნელია მეტად საინტერესო საქმიანი წინადადებების მიღება და მსხვილ, პერსპექტიულ პროექტებში ჩართვა. სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში და დაეხმარებით გარშემომყოფებს. ყოველივე ეს საგრძნობლად აამაღლებს თქვენს ავტორიტეტსა და რეიტინგს საზოგადოებაში. პირადი ცხოვრებაც სასიკეთო კალაპოტში ჩადგება -საგრძნობლად გაუმჯობესდება ურთიერთობა როგორც სასიყვარულო პარტნიორთან, ისე შვილებთან. გეძლევათ საუკეთესო შანსი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.

გეომაგნიტური დღეები: 13, 14, 16 და 17 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები