LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიბრალტარში ესპანეთთან 118 წლიანი სასაზღვრო კონტროლი უქმდება, რის საფუძველზეც რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ზრდას მოელიან

მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ძალაში შედის ისტორიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ესპანეთსა და გიბრალტარს შორის არსებული სასაზღვრო კონტროლი გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრექსიტის შემდგომი ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შედეგია, რომელშიც დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ევროკავშირი მონაწილეობდნენ.

ბოლო კვირების განმავლობაში სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და მავთულხლართების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობდა. არსებული შეზღუდვების საბოლოოდ მოხსნის შემდეგ რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ზრდას მოელიან, თუმცა ადგილობრივი მეწარმეები გარკვეულ შეშფოთებასაც გამოთქვამენ ახალი საგადასახადო რეჟიმისა და მკაცრი ევროპული სტანდარტების გამოც, რომლებსაც გიბრალტარული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება შეუძლიათ.

ახალი რეგულაციით გიბრალტარი სრულად ინტეგრირდება ევროპის საბაჟო კავშირსა და შენგენის ზონაში. შედეგად, ესპანეთსა და გიბრალტარს შორის ადამიანებისა და პროდუქციის გადაადგილება აბსოლუტურად თავისუფალი გახდება. თუმცა შენგენის ზონის მიღმა მყოფი ქვეყნებიდან (მათ შორის თავად დიდი ბრიტანეთიდან), აეროპორტსა თუ პორტში ჩასულ მგზავრებს, პასპორტების წარდგენა გიბრალტარელი და ესპანელი მებაჟეებისთვის ერთობლივად მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად საზღვარს 15 000-მდე ესპანეთის მოქალაქე კვეთდა, რომლებიც გიბრალტარში არიან დასაქმებულნი. კონტროლის გაუქმება მათ საათობით რიგში დგომისგან გაათავისუფლებს.