ტეილორ ელისონ სვიფტი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა ქალმა განსაკუთრებული პოპულარობა საკუთარი ცხოვრების შესახებ შექმნილი სიმღერებით მოიპოვა, მის შემოქმედებას აქტიურად აშუქებს მედია.
სვიფტი პენსილვანიაში დაიბადა, 14 წლის ასაკში კი ნეშვილში გადავიდა საცხოვრებლად. ის ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა თანამშრომლობაზე Sony/ATV Music publishing house-თან. ალბომმა „ტეილორ სვიფტი,“ რომელიც მომღერალმა 2006 წლს გამოსცა, ჩარტში Billboard 200 მეხუთე ადგილი დაიკავა. სვიფტის მეორე ალბომი კი Fearless 2008 წელს გამოვიდა და „გრემი“ დაიმსახურა. სვიფტი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი იყო, როდესაც „წლის ალბომის“ გამარჯვებული გახდა.
2010 წელს გამოსულმა ალბომმა Speak Now ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, მასში შემავალმა სინგლმა Mean ორი „გრემი“ მიიღო.
მეოთხე ალბომი Red 2012 წელს გამოვიდა. მეხუთე ალბომში 1989 შემავალი სიმღერები Shake It Off, Blank Space და Bad Blood აშშ-ს, ავსტრალიისა და კანადის ჩარტებში ყველაზე პოპულარული გახდა. ალბომმა მიიღო სამი „გრემი“ და სვიფტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის ალბომი“.
ტეილორ სვიფტი, „ფორბსის“ მონაცემებით, 2011-2015 წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი იყო.
მომღერალი, ასევე, ცნობილია საკუთარი ქველმოქმედებით. სტიქიისა თუ სხვადასხვა საჭიროების დროს სვიფტი გულუხვად ეხმარება დაზარალებულებს. მაგალითად, 2008 წელს „წითელ ჯვარს“ აიოვას შტატში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა, გამოუშვა ალბომი ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად, 2010 წელს ტენესის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ კი მან 500,000 აშშ დოლარი გადარიცხა.
