ახლახან ბათუმელმა მომღერლებმა, ავთო აბესლამიძე და სალომე მირიანაშვილი მალე ახალ დუეტს შესთავაზებენ საზოგადოებას. სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც სალომეს მეუღლეს, მუსიკოსსა და კომპოზიტორს, თამაზ წივწივაძეს ეკუთვნის. სალომე fortuna.w3i.com.ge-ს უყვება ახალი კომპოზიციის შესახებ.
სალომე მირიანაშვილი:
ძალიან ხშირად მსმენია საკუთარი თავის შესახებ, რომ სალომე არის ქავერების საუკეთესო შემსრულებელი. ეს კომპლიმენტი ყოველთვის მახარებდა. წლების განმავლობაში, რაც ამ სფეროში ვარ, ვმღერი ქართულ, ძირითადად, უცხოური სიმღერების ქავერებს. ვშრომობ, ყოველდღე ვამატებ რეპერტუარს ახალ სიმღერებს, ვზრუნავ ჩემი ხმის განვითარებას, ტექნიკურად… ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება იყო, რომ საკუთარი საავტორო სიმღერები შემესრულებინა. ბევრი მეკითხებოდა, რატომ არ ვწერდი საკუთარ სიმღერებს. სულ მინდოდა, მაგრამ მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა. საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მეორე ნახევარი, ჩემი მეუღლე. ძალიან მაგარი ადამიანია, ამაში გამიმართლა და მადლობა ღმერთს, პლუს არის კარგი მუსიკოსი და ძალიან კარგად მღერის, წერს ულამაზეს სიმღერებს… მცირე ხნის წინ ცოტა დეპრესიული მომენტი მქონდა, არის ხოლმე კარიერაში მსგავსი რთული მომენტები, ჩემმა მეუღლემ ჩამოიღო თაროდან ჩემთვის საყვარელი მისი საავტორო სიმღერა. მითხრა, მოდი, ეს სიმღერა გავაკეთოთო. როგორც თავად მომიყვა, 10 წლის წინ ბათუმში დასვენებისას დაწერა ეს კომპოზიცია, ზღვისპირას რომ იჯდა, გიტარით ხელში და სწორედ ამ დროს დაიბადა სიმღერა წვიმიან ქალაქზე, რომელიც ძალიან უხდება ბათუმს. სიმღერა სიყვარულსა და ბედნიერებაზეა.
მივედით დასკვნამდე, რომ მემღერა დუეტში ავთო აბესლამიძესთან ერთად. ის არის უნიკალური და იშვიათი ტემბრის მქონე მომღერალი. ავთო არის ჩვენი ოჯახის საუკეთესო მეგობარი. ავთოს რომ დავურეკეთ, აღფრთოვანდა. ველოდებით, როდის გამოვა სიმღერა, რომელიც უკვე მზად არის. კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ. ყველას, ვისაც მოვასმენინეთ, ამბობს, რომ ძალიან ბედნიერ განწყობას ქმნის. ვფიქრობთ, ყველა ასაკის მსმენელი ეყოლება და იქნება წლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა. ამის მჯერა მეც და ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც (იღიმის).
ვფიქრობ, ჩემი და ავთოს ხმები ძალიან მოუხდა ერთმანეთს, კოლაბორაცია იდეალური გამოდგა. გვიხარია, რომ ეს ყველაფერი შედგა.
ჩემს ცხოვრებაში არის უამრავი კარგი სიახლე, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არ ვსაუბრობ, რადგან სიურპრიზად მინდა დავტოვო. საავტორო სიმღერების კუთხით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ახლა რაღა გამაჩერებს?!. რა თქმა უნდა, იქნება მეტი და მეტი ახალი სიმღერა.
